logo
ENG



საგარეო უწყება: გიგი გიგიაძე საქართველოში როტაციის პრინციპის შესაბამისად ბრუნდება

19 იან 202122:34
3 წუთის საკითხავი
 
საგარეო უწყება: გიგი გიგიაძე საქართველოში როტაციის პრინციპის შესაბამისად ბრუნდება

საგარეო საქმეთა სამინისტრო გიგი გიგიაძის საკითხზე აცხადებს, რომ ის საქართველოში როტაციის პრინციპის შესაბამისად უნდა დაბრუნდეს.

მას შემდეგ, რაც ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ელჩი დანიის სამეფოში, გიგი გიგიაძე, დაკავებული კარტოფრაგების მხარდაჭერის გამო რეზერვში გადაჰყავთ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვწერა: 

"როტაციის პრინციპის შესაბამისად, როდესაც ელჩი ასრულებს დიპლომატიურ მისიას უცხო ქვეყანაში, ბრუნდება დედაქალაქში, რჩება სისტემაში თუ სხვა, ამის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მისი დაბრუნების შემდეგ". 

ფორმულას ინფორმაციით კი, გიგიაძის რეზერვში გადაყვანის საკითხი სწორედ კარტოგრაფების საქმეს უკავშირდება და ის უმაღლეს დონეზე გადაწყდა. 

თავად დიპლომატმა ფორმულას უთხრა, რომ თებერვალში იწურება მისი ელჩობის 4-წლიანი ვადა და რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი, სად გააგრძელებს კარიერას. თუმცა, არ უპასუხა კითხვას, არის თუ არა ამის მიზეზი ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმე. 

გიგი გიგიაძე კარიერული დიპლომატია. ბოლო 4 წლის განმავლობაში ის დანიის სამეფოში საქართველოს ელჩის მოვალეობას ასრულებდა. 

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფორმულას გიგი გიგიაძის საკითზე უთხრა, რომ როტაციის პრინციპის შესაბამისად, როდესაც ელჩი ასრულებს დიპლომატიურ მისიას უცხო ქვეყანაში, ბრუნდება დედაქალაქში, რჩება სისტემაში თუ სხვა, ამის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მისი დაბრუნების შემდეგ

გიგი გიგიაძე ერთადერთია ქართველ დიპლომატთა შორის, რომელიც ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას გამოექომაგა 7 ოქტომბერს, კარტოგრაფების დაკავების დღეს გიგიაძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ მათ მიმართ წარდგენილი ბრალდებები აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია. 

მისი თქმით, მელაშვილი საქართველოს პატრიოტი და პროფესიონალია და იმედი გამოთქვა, რომ "სრულიად უდანაშაულო, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი მალევე გათავისუფლდება".

მომდევნო დღეს, 8 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თქვა, რომ გიგიაძეს ხელისუფლებისთვის "უნდა ეკითა მანამ, სანამ ასეთ განცხადებას გააკეთებდა". 

ირაკლი კობახიძის შეფასებით კი, გიგი გიგიაძემ კარტოგრაფებისთვის მხარდაჭერის გამოცხადებით "უხეშად დაარღვია დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტები". 


close დახურვა